ავტორიზაცია
მდ. რიონის აუზში მეწყრულ უბნებზე ჩატარებული ინსტრუმენტული მონიტორინგული კვლევების შედეგები
ავტორი: ოთარ ქურციკიძესაკვანძო სიტყვები: მეწყერი, დეფორმაცია, ინკლინომეტრი
ანოტაცია:
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ადაპტაციის ფონდის ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის - ,,წყალდიდობების და წყალმოვარდნების მართვის კლიმატისადმი მედეგი პრაქტიკის შემუშავება საქართველოში მოწყვლადი მოსახლეობის დასაცავად“ ფარგლებში, მდ. რიონის აუზის საპროექტო სივრცეში, 2012-2015 წლებში მიმდინარეობდა სპეციალური საველე და კამერალური კველევები. აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული გეოლოგიური ანგარიში გამოიცა 2014 წელს. საკვლევი არეალი მოიცავდა 6 მუნიციპალიტეტს (ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, წყალტუბო და სამტრედია), სადაც დაფიქსირებული და კადასტრირებული იქნა რეგიონში არსებული დინამიკაში მყოფი და მათი გააქტიურების საშიშროების რისკის ზონაში მოქცეული ყველა მეწყრულ-გრავიტაციული უბანი და ღვარცოფ ტრანსფორმირებადი ეროზიული წყალსადინარი. ანგარიშის ტექსტურ ნაწილთან ერთად დამუშავდა სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონირების რუკა 1 : 100 000-ან მასშტაბში. პროექტის ფარგლებში შეირჩა 3 სხვადასხვა გენერაციის მეწყრული სხეული, სადაც მოეწყო ინსტრუმენტული მონიტორინგული სისტემა სოფ. ზარათის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), სოფ. ლარჩვალის (ცაგერის მუნიციპალიტეტი) და სოფ. პირველი ტოლის (ამბროლაური) ტერიტორიებზე. ამ მეწყრულ უბნებზე, 2014 წლის ნოემბრის თვიდან დღემდე პერიოდულად მიმდინარეობს მეწყრული დეფორმაციების ფიქსაცია სპეციალური ხელსაწყოს - ინკლინომეტრის გამოყენებით. მიღებული მონაცემები მუშავდება ელექტრონულ სისტემაში და საბოლოოდ ხდება მისი ინტერპრეტაცია ტექსტური და გრაფიკული გამოსახულებების სახით. აღნიშნული მეთოდი წარმოადგენს მეწყრული პროცესების დინამიკის განსაზღვრის ერთ-ერთ ინდიკატორს და მნიშვნელოვნად გვეხმარება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავების და რისკის ზონაში მოქცეული მოსახლეობის წინასწარ გაფრთხილების თვალსაზრისით. წარმოდგენილი ნაშრომი მოიცავს ზემოთ აღნიშნულ მეწყრულ უბნებზე არსებული გეოდინამიკური სიტუაციის შეფასებას და ინსტრუმენტული კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების გაანალიზებას.