ავტორიზაცია
ანტისიმსივნური იმუნური პასუხის იმუნომოდულაცია დენდრიტული უჯრედების ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატებით სტიმულაციით
ავტორი: kakha mchedlishviliსაკვანძო სიტყვები: პროსტატის სიმსივნე, კარცინომა, პროსტატა, დენდრიტული უჯრედები, T რეგულატორული უჯრედები, Treg, MHC II კლასი, CD80, CD86, CD40, CD11c, CD205, MHC I, CD4, CD25, 5-აზაციტიდინი, ლენალიდომიდი, RM1 უჯრედები, იმუნოთერაპია, იმუნომოდულაცია, უჯრედული კულტურები, C57BL/6
ანოტაცია:
სიმსივნის იმუნოლოგიის შესახებ სამეცნიერო ცოდნის დაგროვებასთან ერთად, იზრდება იმუნოთერაპიის როლი სიმსივნის მკურნალობაში. იმუნომოდულაცია ერთ-ერთია ყველაზე მზარდად გამოყენებადი მეთოდია თანამედროვე მედიცინაში სხვადასხვა სახის სიმსივნის სამკურნალოდ. უდიდესი წინსვლა იქნა მიღწეული ჰემატოლოგიური მალიგნიზაციის, მიელომისა და სხვადასხვა ტიპის სიმსივნის წინააღმდეგ თერაპიაში. დაგროვილი მონაცემები გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ მყარი ორგანოების სიმსივნეების მკურნალობაში, პროსტატის სიმსივნის ჩათვლით, იმუნომოდულაცია ეფექტური იქნება. კლინიკურ კვლევებში ნანახია თერაპიის დადებითი შედეგები, თუმცა იმუნური მექანიზმები ბოლომდე ცნობილი არ არის და დამატებით შესწავლას საჭიროებს. წინამდებარე კვლევის მთავარი მიზანი იყო დენდრიტული უჯრედების მოქმედების მექანიზმების დადგენა 5-აზაციტიდინითა და ლენალიდომიდით სტიმულირებისას; ასევე სიმსივნური ანტიგენის პრეზენტაციისა და ადაპტური იმუნური პასუხის თავისებურებების კვლევა. დენდრიტული უჯრედების როლის კვლევა სიმსივნის იმუნოპათოგენეზში და მათი სტიმულაციით ანტისიმსივნური იმუნური პასუხის გაძლიერება ერთ-ერთი აქტუალური მიმართულებაა სიმსივნის შემსწავლელ სამეცნიერო ჯგუფებში. ისინი პროფესიული ანტიგენწარმდგენი უჯრედებია და დღეისთვის ნათელია, რომ ცენტრალური ადგილი უჭირავს იმუნურ სისტემაში. ამრიგად, ისინი მთავარი სამიზნე რგოლია სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიული იმუნიტეტის გამომუშავებისთვის. სხვადასხვა კვლევის ფარგლებში ნანახია აზაციტიდინისა და ლენალიდომიდის მოქმედება T ლიმფოციტებსა და ნატურალურ კილერებზე, თუმცა ჯერ უცნობია მათი გავლენა დენდრიტულ უჯრედებზე. ასევე არ არსებობს მონაცემები პროსტატის კიბოს მკურნალობის შესახებ მათი კომბინაციით. მიუხედავად იმისა, რომ ნანახია ამ პრეპარატთა დადებითი შედეგები კლინიკურ კვლევებში, შეუსწავლელია იმუნური მექანიზმები, რომლებიც შედეგებს უდევს საფუძვლად. დაგეგმილი in vivo კვლევის ფარგლებში, პროსტატის სიმსივნური ხაზის RM-1 უჯრედების С57BL/6 თაგვებში კანქვეშ ინექცირებით მივიღეთ თაგვის სიმსივნური მოდელი. იმუნომოდულატორების, 5-აზაციტიდინისა (5-აზაც) და ლენალიდომიდის (ლენა) შეყვანის შემდეგ ვაწარმოებდით სიმსივნის ზრდის მონიტორინგს. In vitro კვლევისთვის თაგვის ძვლის ტვინიდან გავზარდეთ დენდრიტულ უჯრედები GM-CSF და ილ-4-ით სტიმულაციით. უჯრედულ კულტურებზე გამოვცადეთ 5-აზაც-ის და ლენა-ს სხვადასხვა დოზები, როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში. სტიმულაციის შემდეგ მოვახდინეთ უჯრედების ფენოტიპირება გამდინარე ციტომეტრიით, რათა შეგვესწავლა უჯრედული მარკერების ექსპრესიაზე საკვლევი პრეპარატების მოქმედება. ჩატარებული კვლევის შედეგად მივიღეთ ანტიგენის გაძლიერებული წარდგენა დენდრიტული უჯრედების მიერ. ანტიგენწარმდგენი მთავარი მოლეკულების და კომასტიმულირებელი რეცეპტორების (MHC II, CD40, CD80, CD86, CD205, MHC I) ექსპრესიის ხარისხი, რომლებიც ანტიგენის პრეზენტაციაში მონაწილეობენ გაიზარდა დაახლოებით 10%-ით. რაც შეეხება T რეგულატორულ უჯრედებს მათი რაოდენობა შემცირებულია. მიღებული შედეგებზე დაყრდნობით, შესაძლოა დავასკვნათ, რომ იმუნოთერაპია 5-აზაციტიდინისა და ლენალიდომიდის კომბინაციით ანტისიმსივნური იმუნური პასუხის მოდულაციის საშუალებას გვაძლევს და რეკომენდებულია მათი კომბინაციის გამოყენება ანტისიმსივნურ იმუნოთერაპიაში.
მიმაგრებული ფაილები:
ანტისიმსივნური იმუნური პასუხის იმუნომოდულაცია დენდრიტული უჯრედების ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატებით სტიმულაციით [ka]