ავტორიზაცია
ოპტიმალური ანტენის კომპიუტერული მოდელირება
ავტორი: თორნიკე ჭაბუკიანისაკვანძო სიტყვები: ანტენა, მოდელირება, ოპტიმალური, სინთეზი
ანოტაცია:
ანტენის შექმნა, რომელსაც ექნება სასურველი დიაგრამა მოცემული ამპლიტუდებით და ფაზური განაწილებით უსასრულობაში, საზოგადოდ, პრობლემას წარმოადგენს და დღესაც აქტიური კვლევის საგანია. თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები აქტიურად გამოიყენებენ ინფორმაციის უკაბელოდ გადაცემის სხვადასხვა ხერხებს, რაც წარმოუდგენელია შესაბამისი მიმღები და გადამცემი ანტენების გარეშე. რამდენადაც დიდია საკომუნიკაციო საშუალებების რაოდენობა და სახეობა, იმდენად დიდია მოთხოვნა სხვადასხვა ტიპის ანტენებზე, რომლებსაც ექნებათ კარგი მახასიათებელი პარამეტრები, სხვადასხვა სიხშირულ არეში. ცნობილია, რომ ერთი და იგივე გამოსხივების დიაგრამა შეიძლება მოგვცეს სხვადასხვა ანტენამ ან ანტენათა სისტემამ, რომელთაც შეესაბამება განსხვავებული განაწილებული დენების აპლიტუდები, ფაზები და მდებარეობა სივრცეში, მაგრამ საინტერესოა, ვიპოვოთ ოპტიმალური ვარიანტი მათი განაწილებისა. ოპტიმალური ვარიანტი ნიშნავს, რომ გამომსხივებელს ექნება მინიმალური რეაქტიული ველი, სასურველი გამოსხივების მიმართულება და შესაბამისად, მოიხმარს მინიმალურ სიმძლავრეს. აგრეთვე ცნობილია, რომ ამ ამოცანის გადაჭრის მცდელობა ხორციელდება ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში სხვადასხვა მეთოდით. აღნიშნული პრობლემის საფუძვლიანი მიმოხილვა თანამედროვე მეთოდოლოგიებისა მოყვანილია მრავალ ნაშრომსა თუ პუბლიკაციაში, მაგრამ ამ ნაშრომში შემოთავაზებულია ანტენის სინთეზის ამოცანის გადაჭრის ახალი იდეა, რომლის თანახმადაც ელექტრომაქნიტური ველი ანალიზურია და არსებობს მისი ერთადერთი ანალიზური გაგრძელება ამ ველის სინგულარობებამდე. სწორედ ამ სინგულარობების(განსაკუთრებულობების) განაწილება განსაზღვრავს ოპტიმალურ ანტენას სასურველი დიაგრამის მისაღებად. აღნიშნული იდეის კვლევაში აქტიურადაა შესაძლებელი კომპიუტერული მოდელირების გამოყენება, რომელშიც გამოიყენება დამხმარე გამომსხივებლების მეთოდი (დგმ).ეს მეთოდი ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ იდეას ველის ანალიზურობის და მისი ანალიზური გაგრძელების შესახებ. დგმ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია დაბალი რესურსების მქონე გამომთვლელი მანქანების საშუალებით ამოიხსნას დასმული ამოცანა. ვინაიდან, დამხმარე გამომსხივებლების მეთოდი წარმოადგენს რიხცვით მეთოდს, ამიტომ შესაძლებელია იგი გამოყენებული იქნას კომპიუტერული პროგრამის მუშაობაში, როგორც მთავარი მათემატიკური აპარატი. სამაგისტრო ნაშრომში განხილულია გაბნეული ველის სინგულარობები, შესაბამისი გამოსხივების დიაგრამა ორ და სამგანზომილებიან შემთხვევაში. აქვეა მოყვანილი შესაბამისი მათემატიკური აპარატი, განხილულია დგმ მეთოდი და მისი გამოყენების უპირატესობა. აღწერილია პროგრამის მუშაობის ალგორითმი, მოდელირების შედეგის ვიზუალიზაცია ორ და სამგანზომილებიან შემთხვევაში, ასევე ექსპერიმენტული ნაწილი, სადაც მოცემულია სხვადასხვა გაზომვების შედეგები და მათი შედარება მოდელირების შედეგთან.
მიმაგრებული ფაილები:
ოპტიმალური ანტენის კომპიუტერული მოდელირება [ka]