ავტორიზაცია
ჭიათურის მანგანუმის საბადოს გეოლოგია და შლამებით დაბინძურებული მდინარე ყვირილას წყლების გეოეკოლოგიური მონიტორინგი
ავტორი: თამარ ჯებაშვილისაკვანძო სიტყვები: ჭიათურა, მანგანუმი, ეკოლოგია, მდ. ყვირილა, დაბინძურება, მონიტორინგი
ანოტაცია:
ჭიათურა და მისი ეკოლოგიური პრობლემები ყოველთვის იყო განხილვის საგანი მანგანუმის მადნის საბადოს ექსპლუატაციის დაწყების დღიდან დღემდე. აქტუალობა. ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებისა და გამამდიდრებელი საწარმოს ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადგილობრივი მოსახლეობა საკმაოდ რთული ეკოლოგიური მდგომარეობის წინაშე დგას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს. მანგანუმი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქიმიური ელემენტია, რომელიც დედამიწის ქერქის დაახლოებით 0,1%-ს შეადგენს. ის არის ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ბიოელემენტი. მანგანუმი ფართოდ გამოიყენება მეტალურგიაში, ქიმიურ მრეწველობაში, მედიცინაში და სხვა მრავალ სფეროში, აქედან გამომდიარე მასზე მოთხოვნა დიდია. სწორედ იმიტომ, რომ მანგანუმი მაღალი ინტერესის სფეროს წარმოადგენს, აქტუალური გახდა მისი სამთომოპოვებითი სამუშაოებისგან გამოწვეული ეკოლოგიური კრიზისის შესწავლა და შეძლებისდაგვარად აღმოფხვრა. სამუშაოს მიზანი. ნაშრომის მიზანს წარმოადგენს ჭიათურის მანგანუმის შერეული, დაბალხარისხოვანი, კარბონატული მადნების მაღაროებიდან და მამდიდრებელი ფაბრიკებიდან გამოყოფილი შლამებით დაბინძურებული მდ. ყვირილას ეკოლოგიური მონიტორინგი ქ. ჭიათურის ფარგლებში. კვლევის მეთოდები. მანგანუმის შლამებით დაბინძურებული მდ. ყვირილას შესწავლა-შეფასება განხორციელდა ალ.თვალჭრელიძის სახელობის კავკასიის მინერალური ნედლეულის მართვის ინსტიტუტის ლაბორატორიაში, ქიმიური ანალიზების საფუძველზე. მდ. ყვირილაზე სპეციალური ხელსაწყოთი GPS-ით, გაიზომა უშუალოდ ის ადგილები, საიდანც ავიღეთ მდინარის წყალი ლაბორატორიული კვლევებისათვის, დავადგინეთ წყლის ტემპერატურა, წყლის აღების ადგილის კოორდინატები და ზღვის დონიდან სიმაღლეები. ძირითადი შედეგები. თეორიული და ლაბორატორიული კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების ინტერპრეტაციის საფუძველზე დავადგინეთ, რომ საწარმოო ჩამდინარე წყალი, რომელიც მადნის რეცხვის პროცესში წარმოიქმნება, დიდი რაოდენობით შეიცავს შეწონილ ნაწილაკებსა და მანგანუმის ნაერთებს, ასევე მცირე რაოდენობით სხვა მიკროელემენტებსაც კი.
მიმაგრებული ფაილები:
ჭიათურის მანგანუმის საბადოს გეოლოგია და შლამებით დაბინძურებული მდინარე ყვირილას წყლების გეოეკოლოგიური მონიტორინგი [ka]