ka | en
Company Slogan TODO

ავტორიზაცია

მომხმარებლის სახელი
პაროლი

სოფელ ნიჩბისის მიდამოების გეოლოგია და მოსაპირკეთებელი ქვების პალეოიქნოლოგიური კვლევა

ავტორი: გიორგი ყაზაიშვილი
ანოტაცია:

გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, ნამარხი ნაკვალევების კვლევა სწრაფად ვითარდება და იქნოლოგია მეტად რელევანტური ხდება მრავალი მონათესავე დისციპლინისთვის, ისეთი როგორიცაა ზოოლოგია, ეკოლოგია, არქეოლოგია, გეოქიმია, სედიმენტოლოგია, სტრატიგრაფია, პალეონტოლოგია, ნახშირწყალბადებისა და მადნეული საბადოების გეოლოგია და სხვ. (Mc.Ilroy, 2004 Knaust & Bromley, 2012). იქნოლოგიის, როგორც ინტერდისციპლინური მეცნიერების როლი მრავალი გეოლოგიური პრობლემის გადაჭრაში სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მიუხედავად მდიდარი ფაქტიური მასალისა, საქართველოში დღემდე არ მომხდარა განამარხებული ნაკვალევების სისტემური კვლევა (იდენტიფიცირება და ინტერპრეტაცია). უკანასკნელ წლების მანძილზე საქართველოში საფუძველი ჩაეყარა იქნოლოგიურ ინტენსიურ კვლევებს. წარმოდგენილი სამაგისტრო ნაშრომი ამ კვლევების ნაწილია.და მასში განხილულია ნიჩბისის მიდამოების (აჭარა-თრიალეთის ზონის აღმოსავლეთი სეგმენტი) გეოლოგია და პალეოცენურ- ქვედა ეოცენურ ნალექებში გვრცელებული განამარხებული ნაკვალევები, რომელთა განსაზღვრა და ინტერპრეტაცია მოხდა პირველად აღნიშნული კვლევების ფარგლებში და რაც კვლევის უმთავრეს სიახლეს წარმოადგენს. სამაგისტრო კვლევის ობიექტს წარმოადგენს ნიჩბისის მიდამოების პალეოცენურ - ზედა ეოცენური ფლიშური წყების ამგები თხელ, საშუალო და სქელშრეებრივი ქვიშაქვებში (ტურბიდიტები) აღმოჩენილი ნამარხი ნაკვალევების კვლევა. საკვლევი ობიექტის შესასწავლად გამოყენებულ იქნა კვლევის თანამედროვე სედიმენტოლოგიური და იქნოლოგიური მეთოდები. სამაგისტრო ნაშრომში წარმოდგენილი კვლევა ითვალისწინებს როგორც გეოლოგიურ სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული მონაცემების მიმოხილვას, ასევე ჩემი პირადი ფაქტიური მასალის ანალიზს, რომელიც მოვიპოვე 2015 წელს საველე–გეოლოგიური პრაქტიკის ფარგლებში, სოფლების, შუა და ზედა ნიჩბისის მიდამოებში. ჩემი სამაგისტრო ნაშრომის პირველ ნაწილში მოცემულია საკვლევი ობიქტის გეოლოგიური შესწავლილობის მოკლე ისტორია,განხილულია საკვლევი ობიექტის გეოლოგიური აგებულება, სტრატიგრაფია და ტექტონიკა. ჩემს მიერ ახალი ფაქტიური მასალის ანალიზის შედეგად გამოვლინდა და შესწავლილ იქნა ბიოლოგიური (განამარხებული ნაკვალევები/იქნიტები) და სხვა სედიმენტაციური სტრუქტურები. ნამარხი ნაკვალევების კვლევა ჩატარდა ველზე და კამერალურად თანამედროვე ატალასებისა, სახელმძღვანელოების და სამეცნიერო სტატიების გამოყენებით. მოპოვებულ მონაცემთა საფუძველზე განხორციელდა საკვლევ უბანზე ნალექდაგროვების გარემოს აღდგენის მცდელობა. აღნიშნული კვლევების შედეგები და ძირითადი დასკვნები მოყვანილია სამაგისტრო ნაშრომის მეორე ნაწილში.


მიმაგრებული ფაილები:

სოფელ ნიჩბისის მიდამოების გეოლოგია და მოსაპირკეთებელი ქვების პალეოიქნოლოგიური კვლევა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com