ავტორიზაცია
თავისუფალრადიკალური პროცესების შესწავლა პროსტატის სიმსივნურ ქსოვილში
ავტორი: ანი ხაზარაძესაკვანძო სიტყვები: პროსტატის სიმსივნეები, ანტიოქსიდანტები, თავისუფალი რადიკალები
ანოტაცია:
პროსტატის სიმსივნეები მამაკაცთა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველ ადგილს იკავებს და პოლიეტიოლოგიურ დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება. პროსტატის პერიფერიული ზონის ეპითელურ უჯრედებში ენერგეტიკული მეტაბოლიზმი ჰორმონო-დამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნეების სხვა ტიპებისაგან განსხვავებით სპეციფიურია. პროსტატის ავთვისებიან ტრანსფორმაციას თან ახლავს კრებსის ციკლის აქტივობის ზრდა, რაც უნდა იწვევდეს ელექტრონების პროდუცირების მატებას მიტოქონდრიული ელექტრონმატრანსპორტირებელი ჯაჭვისათვის. ნაშრომის მიზანს წარმოადგენდა პროსტატის სიმსივნეებით დაავადებული მამაკაცების სიმსივნურ ქსოვილში ანტიოქსიდანტური ფერმენტებისა და თავისუფალრადიკალური პროცესების შესწავლა. დადგენილ იქნა, რომ პროსტატის ავთვისებიან სიმსივნურ ქსოვილში რკინა–გოგირდოვანი ცენტრების ეპრ–სიგნალების ინტენსივობის შემცირება თავისუფალრადიკალური პროცესების ინტენსიფიკაციის ფონზე მიმდინარეობს. თავისუფალრადიკალური პროცესების ინტენსიფიკაცია და რკინა-გოგირდოვანი კლასტერების დაზიანება პროსტატის ავთვისებიან სიმსივნურ ქსოვილში სუნთქვითი ჯაჭვის I და II კომპლექსების (რკინა-გოგირდოვანი ცენტრების) ფუნქციონირების რღვევაზე მიუთითებს. გლუტათიონდამოკიდებული სისტემის შესწავლის შედეგად დაფიქსირდა აღნიშნული სისტემის აქტივობის ზრდა ავთვისებიან სიმსივნეში რაც უნდა განაპირობებდეს სიმსივნური უჯრედების მდგრადობას განვითარებული ოქსიდაციური სტრესის საპასუხოდ და უნდა უზრუნველყოფდეს ავთვისებიანი უჯრედების უნარს შეეწინააღმდეგოს თავისუფალი რადიკალებით ინიცირებული აპოპტოზის მიტოქონდრიული გზის ჩართვას. ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის მკვეთრად გამოხატული ინტესიფიკაციის ფონზე სუპეროქსიდდისმუტაზასა და კატალაზას აქტივობის მკვეთრი შემცირება მიუთითებს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური სტატუსის დაქვეითებაზე, ორგანიზმის დამცველობითი ფუნქციის შესუსტებასა და დაავადების პროგრესირებაზე.
მიმაგრებული ფაილები:
თავისუფალრადიკალური პროცესების შესწავლა პროსტატის სიმსივნურ ქსოვილში [ka]